21 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე და ირაკლი კობახიძის უარი ელინა ვალტონენთან შეხვედრაზე - რას აცხადებს თავად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

პარლამენტში, ბიუროს სხდომა, დღეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მწვავე კრიტიკით გაიხსნა. ფინეთის მთავარი დიპლომატი გუშინ რუსთაველზე საპროტესტო აქციას შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა. პარლამენტის სპიკერმა ეს ქმედება ვენის კონვენციის დარღვევად ჯერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაცხადა, შემდგომ კი განმარტა, რომ ძალადობრივი დემონსტრაციების მხარდაჭერა ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს გუშინ შეხვდა, აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა, თუმცა, 4 ოქტომბრის ძალადობისა და საპრეზიდენტო სასახლის შტურმის მცდელობაზე არაფერი უთქვამს.

ძალადობაზე დუმილი და მოძალადეების მხარდაჭერა - ასე აღიქვეს საპარლამენტო უმრავლესობაში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედება. კანონმდებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამ საკითხის დაყენებას აანონსებენ.

ვალტონენის პოზიცია, დღეს, ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს. "ნაცმოძრაობაში", რომელიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესის წახალისების ნაწილია.

ფინელ დიპლომატს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულეს მმართველი გუნდის წევრებმა. პოლიტიკოსების თქმით, ერთის მხრივ სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ამავდროულად ძალადობის წახალისება, ქვეყანაში ევროსკეპტიციზმს ახალისებს.

ელინა ვალტონინი ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია. არასანქცირებულ აქციაზე მისი მისვლისა და დემონსტრანტებისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ, ვალტონენთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა, რასაც შვიდი საათის შემდეგ მოჰყვა დეზინფორმაცია ფინურ პრესაში. შეხვედრის გაუქმებით განაწყენებულმა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძესთან წინასწარ გაწერილი აუდიენციის გაუქმება საკუთარ ინიციატივად გამოაცხადა.

დღის ამბები