პირველი მოსმენით და ხმათა უმრავლესობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით, დემონსტრანტის მიერ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვისთვის დაწესებულ 5 000 ლარიან ჯარიმას მალე 15 დღიანი პატიმრობა შეცვლის. პატიმრობით დაისჯება აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ქონა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობაც.
ახალი კანონმდებლობით, 60-დღიანი პატიმრობა ემუქრება მასაც, ვინც აქციაზე პიროტექნიკით, იარაღით ან სხვისი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთით იქნება შეიარაღებული. ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. აქციის მონაწილე სისხლის სამართლის წინაშე აგებს პასუხს, თუ კანონს განმეორებით დაარღვევს. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომლითაც სამართალდამცველის მესამედ შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა 1 წლიანი პატიმრობით დაისჯება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
საკანონმდებლო ცვლილებები უკვე არ მოსწონთ და დარღვევასაც აანონსებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზანი არა აქციაში მონაწილე ადამიანების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა, არამედ საპროტესტო მუხტის ჩაქრობაა.
ნებისმიერ ადამიანს აქვს პროტესტის და გამოხატვის უფლება, თუმცა კანონის ფარგლებში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული დემონსტრანტის მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვა, მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობაზე ძალადობაა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს.
ავტორი: ნანა გოგატაძე