16 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
რამდენიმე დემონსტრანტის მიერ დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვა დღეს 5 ათასლარიანი ჯარიმით ისჯება, თუმცა მალე ჯარიმას 15-დღიანი პატიმრობა შეცვლის - სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება

რამდენიმე დემონსტრანტის მიერ დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვა დღეს 5 ათასლარიანი ჯარიმით ისჯება, თუმცა მალე ჯარიმას 15-დღიანი პატიმრობა შეცვლის. ეს მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები შევა. ცვლილებების მიხედვით, აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ქონა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

დაანონსებული ცვლილებები არ მოსწონთ ადრესატებს - აქციის მონაწილეებს.

ვიდრე აქციის მონაწილეები მეტი ადამიანის გარეთ გამოსვლის იმედს არ კარგავენ, მმართველი გუნდი იმ რეალობაზე საუბრობს, რომელიც ყოველ საღამოს დედაქალაქის მთავარ გამზირზეა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული დემონსტრანტის მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვა კანონდარღვევაა, ცვლილებები კი აქციის მონაწილეების სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედებას უზრუნველყოფს.

ჯერ არამოქმედებული კანონების დარღვევას უკვე აანონსებენ ხელისუფლების ოპონენტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ღიად თქვეს, რომ, სამართლებრივი ცვლილებებით, მათი დღის წესრიგი არ შეიცვლება.

უკმაყოფილება დღეს ვერც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამალეს, რომლებიც აქციებში თავადაც ხშირად მონაწილეობენ ან აფინანსებენ. განცხადებაში, რომელსაც 24 NGO აწერს ხელს, წერია, რომ ცვლილებების მიზანი მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვაა.

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის დასტურია, რომ მესამე სექტორის მიზანი რამდენიმეკაციანი პროტესტის გაგრძელება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ.

ნებისმიერ ადამიანს აქვს პროტესტისა და გამოხატვის უფლება, თუმცა - კანონის ფარგლებში - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული კანონმდებლობა, ანუ ჯარიმები, ეფექტიანი არ აღმოჩნდა და სწორედ ამით აიხსნება პოლიტიკის გამკაცრებაც.

სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, 60-დღიანი პატიმრობა ემუქრება მასაც, ვინც აქციაზე პიროტექნიკით, იარაღით, ან სხვისი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთით იქნება შეიარაღებული. ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. აქციის მონაწილე სისხლის სამართლის წინაშე აგებს პასუხს, თუ კანონს განმეორებით დაარღვევს. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომლითაც სამართალდამცველის მესამედ შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა 1-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები