საქართველოს საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილისა და ელინა ვალტონენის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას, ქალბატონ მაკას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის თბილი მიღებისთვის. ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, საზღვრის დაცვა უზრუნველყოფილი იქნას. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი სამომავლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში და მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს“, – აღნიშნა ვალტონენმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე და არასამთავრობო ორგანიზაციები დაცული უნდა იყოს.
"ჩვენი შეხვედრისას გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ეუთო-ს ფარგლებში და ჩვენს უწყებებს აქვთ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ შორისაა შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება. ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება და გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს და მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება. ასეა საქართველოშიც, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ.
რაც შეეხება ეუთო-ს საკითხებს, საბოლოო აქტი არის ჰელსინკის 10 პრინციპი, რომელიც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, რასაც საქართველო აბსოლუტურად იმსახურებს. საქართველოს მოსახლეობაც იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ჩართულობის და იმ თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან, საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი საერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.