16 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
დამუშავდა თუ არა სახელმწიფოს დამხობის გეგმა ბაჩო ახალაიას სახლში - პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას შემდეგ, გამოკითხვაზე თამარ ჩერგოლეიშვილი დაიბარეს

სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საქალაქო სასამართლო. პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას ეტაპირება რუსთავის ციხიდან, ამჯერად, მოწმის სტატუსით და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვისთვის განხორციელდა. 2-საათიანი საგამოძიებო მოქმედების განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზატორებთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა ერთი იდენტური - ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან? "კურიერის" ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ პასუხი, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. დუმილი არჩია მურთაზ ზოდელავამაც.

დაკითხვის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანის ადვოკატმა საპირისპირო თქვა. სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა უფლებადამცველმა მედიასთან დაადასტურა, რომ ბურჭულაძემ მისთვის არარელევანტურ შეკითხვებს არ უპასუხა, რადგან მიიჩნიეს, რომ პასუხი შესაძლოა ბრალდებულისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო.

უფლებადამცველებისა და თავად ბრალდებულების პოზიცია სახელისუფლებო გუნდს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გეგმა სწორედ ბაჩო ახალაიას სახლში მუშავდებოდა. "ქართული ოცნება" გამოძიების შედეგს ელოდება, თუმცა მანამდე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაწილეობაზე მიუთითებდეს.

კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული თამარ ჩერგოლეიშვილი. "ფედერალისტების" ლიდერის განცხადებით, სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში მუშავდებოდა 4 ოქტომბრის სცენარი, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაც გამოიწვია. ჩერგოლეიშვილის თქმით, პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

ჩერგოლეიშვილს ტყუილში ადანაშაულებს და 4 ოქტომბრის ძალადობრივ გეგმასთან ბაჩო ახალაიას კავშირს უარყოფს ანი ნადარეიშვილი. ახალაიას მეუღლე "ფედერალისტების" ლიდერს მოუწოდებს, თქვას, ვინ მიაწოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში შეხვედრებზე კონკრეტული ინფორმაცია.

ბაჩო ახალაიას ძალადობრივ სქემასთან შესაძლო კავშირი დღეს კიდევ ერთხელ უარყვეს "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთან კონტაქტი მათი გუნდიდან არავის ჰქონია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები, არშემდგარი რევოლუციის შემდეგ, პასუხისმგებლობას გაურბიან. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის პროცესში ფართო ქსელი მოქმედებდა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი ბაჩო ახალაია იყო, რომელიც, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, 4 ოქტომბრის ძალადობრივ სცენარს საკუთარ სახლში ამუშავებდა.

კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე ბრალდებული ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მას შემდეგ გამოჰკითხეს, რაც პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

დღის ამბები