პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილებებს.
ცვლილებები კანონმდებლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ გააცნო.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის ფორმები და წესი იქნება ერთგვაროვანი. ამასთან, ახლებურად ჩამოყალიბდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილების ცნება. ნინო ენუქიძის თქმით, ცვლილებებით, სახელმწიფო ქონების შემძენს მიეცემა შესაძლებლობა, შეძენილი სახელმწიფო ქონება იპოთეკით დატვირთოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის. ცვლილებებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ქონების განკარგვა განხორციელდება აუქციონის ფორმით.
"პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებობა, სადაც გაწერილი იქნება რა შემთხვევებში არის შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი წესით მიყიდვა. ამისთვის საქართველოს მთავრობას ეძლევა 60 დღე, რომ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიიღოს", - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
კომიტეტის სხდომაზე ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით, გამარტივებული წესით განიხილეს "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილება, რომელიც კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააცნო.
ასევე გამარტივებული წესით განიხილეს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილება, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა.