11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.
სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვის პროცესში შესწორებები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.
"დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს და შესწორებები შეიტანეს ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მიმართ NATO-ს სამომავლო სტრატეგიას ეხება.
პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე ერთგულება ალიანსის საერთო ღირებულებებისადმი და დღის წესრიგისადმი ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებისას.
NATO-ს ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში გადაინაცვლა - პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის. ამ კატეგორიაში აგრეთვე მოხვდნენ ევროპარლამენტი, უკრაინის რადა, ბოსნიის პარლამენტი, ავსტრიის პარლამენტი და ასე შემდეგ.
აღნიშნული ინსტიტუციური ცვლილებები ხელს შეუწყობს NATO-ს პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობის განმტკიცებას.
სესიის ბოლოს ასამბლეას NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიმართა. მან NATO-ს პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.