19 ივნისი 2026,   06:55
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტა ახლო აღმოსავლეთში - მძევლების დაბრუნება და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება უკვე იწყება

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, კონფლიქტის ზონას ისრაელის სახმელეთო ჯარი ტოვებს. „ცახალმა“ ჯავშანტექნიკის კოლონები უკვე გამოიყვანა ქალაქ ღაზიდან, ხან-იუნისიდან და ჯაბალიადან. გახსნილია „ნეცარიმის“ დერეფანიც, რომელიც პალესტინურ ანკლავს შუაზე ყოფს.

ამერიკის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, უახლოეს საათებში ტერორისტული ორგანიზაცია 48 მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო საპასუხოდ ისრაელის საპატიმროებს 2000-მდე პალესტინელი დატოვებს. ამასთან ერთად, ტრამპის გეგმის შესაბამისად, „ცახალი“ ანკლავში პოზიციების ნაწილს დათმობს.

ზავის ამოქმედების შემდეგ ისრაელის მოქალაქეებს ომში გამარჯვება მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ სამშობლოში მძევლების დაბრუნება უახლოეს პერიოდში მოხდება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშვიდობო პროცესში შეერთებული შტატების ძალისხმევაზე ისაუბრა და დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

მძევლების გათავისუფლებას თელ-ავივის ცენტრში შეკრებილი ათასობით მოქალაქე ელოდება. საერთაშორისო მედია წერს, რომ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, როდესაც ტერორისტებმა 251 ადამიანი გაიტაცეს, „ჰამასის“ ხელში ამ დრომდე 48 მძევალი რჩება, 20 მათგანი სავარაუდოდ ცოცხალია.

ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, განადგურებულ საცხოვრებელ ადგილს უბრუნდება ღაზის მოსახლეობა. დადებული შეთანხმების მიხედვით, პალესტინურ ანკლავში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების 600 სატვირთო შევა.

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა სამშვიდობო პროცესში მონაწილე მხარეებს - კატარს, ეგვიპტეს და თურქეთს - სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ომმა 67 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 160 000-ზე მეტი, ხოლო მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები