ამერიკის სენატმა, 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომლიდანაც "მეგობარი აქტი" ამოღებულია, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული აქტის მიღების საკითხი ჩავარდა. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მიღებული კანონპროექტები ერთ ტექსტად უნდა შეჯერდეს და ორივე პალატაში მას ხელახლა უნდა უყარონ კენჭი.
"მეგობარ აქტთან" დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და NGO სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მისი მიღება გარდაუვალია და "მეგობარ აქტს" 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან ერთად დაამტკიცებდნენ.
სერგი კაპანაძის შეფასება 2025 წლის 28 ივლისს:
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBARI აქტის“ ე.წ. ცხელი ხაზით გატანა (განხილვის გარეშე მიღება) ვერ მოხდება, თუმცა მისივე განცხადებით, ეს კანონპროექტის ჩავარდნას არ ნიშნავს. როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არსებობს "MEGOBARI აქტის“ მიღების ორი გზა, საიდანაც მისი ვარაუდით, კანონპროექტს აშშ-ის სენატში „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან (NDAA) ერთად, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 2025 წლის 18 სექტემბერს ამბობს: "აქტიურად მიდის განხილვები სენატში იმისთვის, რომ მეგობარი აქტი მიებას თავდაცვის აქტს.“
თინა ბოკუჩავას განცხადება 2025 წლის 19 სექტემბერს:
"დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მეგობარი აქტის განხილვა, ასევე ივანიშვილის რუსული რეჟიმის არაღიარების აქტის განხილვა და როდესაც ეს უკანასკნელი დაემატა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში გუშინ კონგრესში, დამატების სახით როდესაც შევიდა ეს ცვლილება, რაც თავისთავად ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შემადგენელი ნაწილია უკვე... ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი კანონმდებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესმა აუცილებლად მიიღოს ეს აქტი... ეს იქნება შემდგომ უკვე ამ ადმინისტრაციისთვის პოლიტიკის განმსაზღვრელი..."
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადება 2025 წლის 19 სექტემბერს:
"მეგობარი აქტის შანსი, რომ წლის ბოლომდე მიღებული იყოს, კიდევ უფრო იზრდება. თუ მეგობარი აქტი აქამდე ვერ მიდის, ფრაგმენტულად, ჩაშლილად, შეიძლება მოხვდეს აშშ-ის ეროვნულ კანონში და ასე მოხდეს ქართული ოცნების დასანქცირება... ამერიკას გადაწყვეტილი აქვს და დღემდე არ აღიარებს ქართულ ოცნებას..."
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის განცხადება 2025 წლის 19 სექტემბერს:
"ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის წლის სამოქმედო გეგმა, ამიტომ ეს ვერ გადავადდება დროში. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის სენატში სწრაფი წესით დაყენებას კონგრესმენების სრული უმრავლესობა უჭერდა მხარს, არ ვფიქრობ, რომ ახლა ხარვეზი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტის ნაწილი გახდება და მათ, ვინც იზეიმეს, მეგობარი აქტის ჩავარდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ამ ნაწილის მიღება და გათვალისწინება სამოქმედო გეგმაში სრულად რეალურია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ ამ ყველაფერს."
სატელევიზიო განცხადებების გარდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები "მეგობარი აქტის" მიღების საკითხზე სოციალურ ქსელშიც აქტიურობდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას პოსტი facebook-ზე 2025 წლის 19 სექტემბერს:
"ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში მიაბეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს, რომელიც სენატში ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) შემადგენელი ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, წარმომადგენლობითი პალატის ეს ნაბიჯი აშშ-ს კონგრესში მეგობარი აქტის მიღების დამატებითი შესაძლებლობაა. სულ ტყუილად ზეიმობს რუს-ქოცური რეჟიმი მეგობარი აქტის დასამარებას, მაშინ როდესაც სინამდვილეში, მათი დასამარება გაცილებით ახლოსაა სიმართლესთან. ვაგრძელებთ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში".
აღნიშნული პოსტი გააზიარეს: ნათია გაბელიამ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გიორგი ბარამიძემ და პეტრე ცისკარიშვილმა, ასევე მსახიობმა გია ჭანტურიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების მკვლევარმა, ალექსანდრე კუპრავამ 2025 წლის 18 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" facebook გვერდიდან ვიდეო გადააზიარა სათაურით: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში “MEGOBARI აქტის” ინიციატორ კონგრესმენ, ჯო უილსონს შეხვდა".
ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია შემდეგი: "მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს არის ის, რომ "მეგობარი აქტი", აშშ-ში აღარ არის აქტუალური, აღარ დგას დღის წესრიგში, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. განხილვები აქტიურად მიდის, მათ შორის სენატში."