16 აგვისტო 2026,   15:36
ვრცლად
ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის წერილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე - "ქართული ოცნება" EPP-ის პოზიციაში უცხოელი აქტორების კვალს ხედავს

მმართველი გუნდი უკვე მეორე დღეა ევროპის სახალხო პარტიას მწვავედ აკრიტიკებს. ევროპარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობის მქონე ძალამ, რომლის წევრიც წლებია "ნაციონალური მოძრაობაცაა", 8 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა. EPP-ი 4 ოქტომბრის ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. ძალადობა, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და პოლიციელებზე თავდასხმა ტექსტში ნახსენები საერთოდ არაა. სახელისუფლებო პარტიაში დუმილს ძალადობის წახალისებად მიიჩნევენ და ევროპულ სტრუქტურებში არსებულ კრიზისზე აკეთებენ აქცენტს.

EPP-ის პოზიციას დღეს ხელისუფლების ოპონენტები იცავდნენ. პოლიტიკოსები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციას ჩავარდნილი შტურმიდან რამდენიმე წუთში გაემიჯნენ, ამბობენ, რომ ევროპის სახალხო პარტია ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს. EPP-ის მთავარ პარტნიორ "ნაცმოძრაობაში" იმასაც ამტკიცებენ, რომ ძალადობის დაგმობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ EPP-ი ქვეყნის ხელისუფლებას დემოკრატიულად მიიჩნევს.

ევროდეპუტატების დუმილი ძალადობის წახალისებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა დღეს ევრობიუროკრატებში ე.წ. "დიფ სთეითის" გავლენებზე ისაუბრეს. თქვეს ისიც, რომ ევროპის სახალხო პარტია და ქართული ოპოზიცია საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ოპერირებს. სახელისუფლებო გუნდში მთავრობის დასამხობად გამართული დემონსტრაციის მიღმა სწორედ უცხოელი აქტორების კვალს ხედავენ.

4 ოქტომბრის ძალადობრივი დემონსტრაციისა და საპრეზიდენტო სასახლის შტურმის მცდელობიდან ექვსი დღე გავიდა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის მუხლით 35 პირია დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით თბილისში განვითარებული მოვლენები არც ერთ დასავლურ ინსტიტუტს არ დაუგმია.

დღის ამბები