19 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
გერმანიის ყოფილი კანცლერი, ევროპის პოლიტიკური ელიტის კულუარებში წარმართულ პროცესებზე ალაპარაკდა - რას ამბობენ მერკელის განცხადებაზე მმართველ გუნდში

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ევროპის პოლიტიკური ელიტის კულუარებში წარმართულ პროცესებზე ალაპარაკდა. უნგრულ გამოცემა "პარტიზანთან" ანგელა მერკელმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე, ყირიმის ოკუპაციის დროს შექმნილი მინსკის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა იგეგმებოდა, მიზანი კი ვლადიმერ პუტინსა და ევროპელ ლიდერებს შორის ახალი სასაუბრო სივრცის გაჩენა იყო, რომელსაც კონტინენტი კონფლიქტებისგან უნდა დაეზღვია. ექს-კანცლერის მტკიცებით, მაშინ პროცესი ლოგიკურ კულმინაციამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავშეკავებამ შეაჩერა. რასაც მალევე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება მოყვა.

მერკელის სკანდალური განცხადება პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა თბილისში. მმართველ გუნდში ე.წ. "დიფ სთეითის" მოქმედების მორიგ ლუსტრაციაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წელი იკავებდა, ზუსტად იცის, რა მეთოდებით მოქმედებენ ევრობიუროკრატები. "ოცნებაში" დღეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც გაიხსენეს.

მერკელის განცხადება მისი კრიტიკის წინაპირობა გახდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ანგელა მერკელს სუბიექტური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის მხრიდან ევრობიუროკრატების ინტერესების დაცვა მმართველ გუნდში არ უკვირთ. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ რიგა, ვილნიუსი და ტალინი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების გადატანას ყოველთვის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ცდილობენ. რასაც, მათი თქმით, რუსული საფრთხეების გასანეიტრალებლად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ირიბი მხარდაჭერაც ადასტურებს.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ომი უკვე თითქმის 4 წელია გრძელდება. დაიღუპა ასიათასობით ადამიანი, დაინგრა და განადგურდა ათეულობით ქალაქი, მილიონობით უკრაინელმა კი ქვეყანა დევნილის სტატუსით დატოვა.

დღის ამბები