პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ შტურმზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც აქციას ესწრებოდა, რადგან შეკრების მიზანი თავიდანვე გაცხადებული იყო. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში მათ შორის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
4 ოქტომბრის საღამომდე, ვიდრე პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი დაიწყებოდა, ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ სახელით დაანონსებულ აქციას მხარს ყველა პარტია, მათ შორის ექს- პრეზიდენტიც, უჭერდა. „ლელოში“ ამბობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად პროტესტსაც შეუერთდებოდნენ. თუმცა პარტიებმა პოზიციები მალევე შეცვალეს და ბურჭულაძე- ზოდელავას გეგმის ჩავარდნის შემდეგ პროცესისგან დისტანცირება ზოგმა იმავე საღამოს, ზოგმა კი მეორე დღეს დაიწყო.
"ლელოში" დღეს განმარტავენ, რომ მხარდამჭერებს ხმის მიცემის შემდეგ პროტესტში მონაწილეობისკენ ნამდვილად მოუწოდებდნენ, თუმცა თავად პარტიის ლიდერები საარჩევნო პროცედურების გავლით იყვნენ დაკავებული. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტისთვის თავი არ აურიდებია.
ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი განცხადებები თავის მართლებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. "ქართული ოცნების" წევრებს მიაჩნიათ, რომ ყველა იმ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯით, რომელიც 4 ოქტომბერს გადაიდგა, ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოხდა.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, 4 ოქტომბერს ქვეყანამ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მეხუთე მცდელობა აღკვეთა. სახელმწიფოს წინააღმდეგ წარუმატებელი შტურმი კი პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს.