19 აგვისტო 2026,   10:39
ვრცლად
4 ოქტომბრის დივერსიული გეგმის ჩაშლა - სუს-მა ბათუმსა და მცხეთაში საბრძოლო მასალა და იარაღი ამოიღო

დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი – შსს-ს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს დილით დაკავებული სულხან ფაღავას ბათუმში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს.

4 ოქტომბერს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სულხან ფაღავასთან ერთად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რუსლან შამახიაც დააკავეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებით დადგინდა, რომ მას იარაღი გაფორმებული ჰქონდა და მისი ტარების უფლებითაც სარგებლობდა, შამახია გაათავისუფლეს.

კიდევ ერთ სამალავში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მცხეთასთან აღმოაჩინეს, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხელის ტყვიამფრქვევი და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატები. ამ საქმეზე ძებნილ პირს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

გაშიფრული სქემის მიხედვით, გარკვეულ პირებს იარაღი ამბოხებულებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა სუს-მა დედაქალაქში დაგეგმილი დივერსიული აქტები აღკვეთა და იმ პირთა წრე გაანეიტრალა, რომლებსაც სამალავიდან საბრძოლო მასალა თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. ხელისუფლების დამხობის მიზნით გამართულ აქციასა და სამალავებიდან ამოღებულ იარაღს, ასევე ბრალდებულებთან კავშირს უარყოფენ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ "4 ოქტომბრის გეგმა ჩავარდა" და აინტერესებთ, ვინ არის მოღალატე.

ამოღებულ საბრძოლო მასალასა და 4 ოქტომბრის აქციას შორის შესაძლო კავშირი არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დიდი ხანია არეულობის მოწყობას ცდილობს, თუმცა გეგმა ამჯერადაც ჩაუვარდათ. ყველა კითხვას კი, სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, პასუხს გამოძიება გასცემს.

დღის ამბები