მესამე ვადით, დედაქალაქის მერად - კახა კალაძემ 4 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის ხმების რეკორდული რაოდენობა, უფრო კონკრეტულად, 214 872 ხმა მიიღო და 71 პროცენტით გაიმარჯვა.
თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა გუნდმა მოსახლეობის რეკორდული მხარდაჭერა რომ მიიღო, ამას ყველაზე კარგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული შედეგებიც ადასტურებს.
ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, განსხვავებული გზავნილი აქვთ ოპონენტებს. ოპოზიციის მხარდამჭერები საკუთარი არითმეტიკით მსჯელობენ და ამტკიცებენ, რომ თბილისში "ქართული ოცნებას" არა 71%-იანი, არამედ 21%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ოპოზიციის შეფასება მტკიცებულება არ არის მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, ვარაუდების ნაცვლად, არჩევნების ზუსტი შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გადაამოწმოს. სახელისუფლებო გუნდისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ლეგიტიმაციის მორიგი დადასტურებაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა. მოქალაქეებმა მერები და საკრებულოების წევრები ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩიეს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი