ირაკლი კუპრაძე არჩევნების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავს. "ლელოსა" და გახარიას პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ამბობს, რომ უკეთესს მაჩვენებელს ისურვებდა, თუმცა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან შედარებით, პარტიას შედეგი გაუმჯობესებული აქვს. კუპრაძე ამომრჩეველს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა საკრებულოებში მუშაობაზე იქნებიან ორიენტირებული.
შეცდომების გაანალიზებისკენ "ლელომ" დღეს არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიებს მიმართა. თაზო დათუნაშვილის თქმით, ოპოზიციას, გაერთიანების შემთხვევაში, სხვა რეალობის შექმნა შეეძლო.
ბოიკოტში მყოფებს არჩევანს ექსპერტებიც უწუნებენ. შედეგებს და არჩევნების ლეგიტიმურობას მუდმივად ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული პოლიტოლოგებიც აღიარებენ.
ოპონენტების მხრიდან მარცხის აღიარება მმართველ პარტიას არ უკვირს. თბილისის მერი აცხადებს, რომ შედეგების მიუღებლობის საფუძველი არ არსებობს, რადგან თვითმმართველობის არჩევნები თანასწორ გარემოში ჩატარდა.
საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლების, ექსპერტების აღიარების მიუხედავად, საარჩევნო პროცესს ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის ლიდერები. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაწერეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "განსხვავებული აზრის ჩახშობის გარემოში ჩატარდა". საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას ბოიკოტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" ლოგიკურს უწოდებს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს.
ევროკავშირის ლიდერების განცხადება მმართველი ძალისთვის მათი გეგმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ, ამ ერთობლივი პოზიციის ნაცვლად, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციის რადიკალური მიზნების მხარდაჭერისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო ციკლი დასრულებულია.