"ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას" - საფრანგეთში ლგბტ ხანდაზმულებისთვის პირველი საპენსიო სახლი გაიხსნა, რადგან 60 წლის ლგბტ ადამიანების 90% მარტოა და არავინ ჰყავს, ვინც მათზე იზრუნებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ლიონის კრუა-რუსის რაიონში, პირველი სახლის კარი, რომელიც ლგბტ+ ხანდაზმულებისთვისაა განკუთვნილი, 2025 წლის ზაფხულში გაიხსნა. ეს საფრანგეთში მსგავსი პროექტის პირველი შემთხვევაა. ხუთსართულიან შენობაში თითოეულ მაცხოვრებელს საკუთარი პატარა კერძო ბინა აქვს, თუმცა სამზარეულო, მისაღები ოთახი და ბაღი ერთადაა. ეს ყველაფერი კი განსჯის გრძნობის გარეშე.
"ჩვენ კვადრატულ მეტრებს არ ვქირაობთ, ჩვენ სოციალურ ცხოვრებას ვქირაობთ. არ გვჭირდება თავის მართლება. ეს ურთიერთობებს ამყარებს", - განმარტავს 65 წლის სილვენ ბონიფასი LCI-სთან საუბრისას. ყოფილი მოცეკვავე Maison de la diversité-ს პირველი მოიჯარეა. თხუთმეტივე ბინა გაყიდულია.
ეს პროექტი, რომელიც 2012 წელს ბერლინში შექმნილი საცხოვრებელი სივრცით არის შთაგონებული, მიზნად ისახავს ლგბტ+ ადამიანების მარტოობის შემსუბუქებას. დადგენილია, რომ 60 წელს გადაცილებული მილიონი ლგბტ ადამიანიდან, დაახლოებით, ყოველი მეორე მარტო ცხოვრობს და 90% უშვილოა.
"მე მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი ვიყავი, დისკრიმინაციას ვხედავდი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ დღეს, როდესაც ლგბტ პირი ხარ და ბერდები, დიდი არჩევანი არ გაქვს. ამიტომ, მინდოდა არჩევანი შემექმნა მათთვის, ვისაც სოლიდარობაში და არჩეულ თემში ცხოვრება სურს, რათა ერთმანეთის დახმარება და კარგად დაბერება შეძლონ", - განმარტავს პროექტის ავტორი სტეფან სოვე.
მსგავსი თავშესაფრის გახსნა სტრასბურგშიც იგეგმება.