ვიდრე საქართველოს მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე საკუთარ ნებას გამოხატავდა, ოპოზიცია პარალელურ რეალობაში ხელისუფლებას იბარებდა. პოლიტიკაში წასულმა მომღერალმა და ხელისუფლების დამხობის იდეის ავტორმა გეგმაც თვითონ წაიკითხა, კენჭიც თავად უყარა და საკითხებიც დამტკიცებულად ისევ თვითონ გამოაცხადა. ყოფილ მსოფლიო ბანს, ბანი მალევე მურთაზ ზოდელავამ მისცა. პოლიტიკურად ძალადაკარგული მამაკაცური ძალის ამარა დარჩა. მალევე, რევოლუციური ვნებებით შეპყრობილთა ფანტაზია კი სცენასაც გასცდა და ორბელიანის სასახლეს მისწვდა.
ძალადობრივი მოწოდებების შემდეგ, ძალის დემონსტრირება აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლესთან დაიწყეს. იმის მიუხედავად, რომ აქტივისტებმა ორბელიანის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა მოახერხეს, საბოლოოდ დამხობის იდეის ავტორების გეგმა დაემხო. აერიათ პოლიტიკური კომპასიც - სანამ ერთი ნაწილი რკინის ჯებირებს ანგრევდა, მეორე ნაწილი ერთმანეთს ემიჯნებოდა. მაგალითად, პროტესტის ერთ დროს აქტიური ორგანიზატორი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პარალელურ რეალობაში თავი ისევ ლეგიტიმურად გამოაცხადა, შევარდნა-გავარდნაზე, როგორც თავად უწოდა, პასუხისმგებლობა მოიხსნა.
თინა ბოკუჩავას ეწყინა, ნაწყენმა კი ბევრი თქვა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჯერ ის განმარტა, რომ ზურაბიშვილის განცხადება არ ესიამოვნა, შემდეგ კი ფიასკოც აღიარა. ის რომ არაფერი გამოუვიდათ მომღერალ პოლიტიკოსს დააბრალა, არადა დამხობის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული "ნაციონალური მოძრაობა," მათ შორის მისი წინამორბედი თავმჯდომარე. რევოლუციაზე პასუხისმგებლობას იღებდა ანა წითლიძეც, რომელიც ამ ფილმის ამ აქტიურ სცენარში, რატომღაც ვერ მოხვდა.
დამხობის ორგანიზატორების მომხრეები ჯებირებს არღვევდნენ თავად ორგანიზატორები კი მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ. სახელმწიფომ დანაშაულს პასუხი კანონით გასცა - ამ სცენარში მონაწილე ყველა ორგანიზატორი დაიჭირეს, თუმცა დაჭერამდე ფიგურანტებმა თავის გადარჩენის სხვადასხვა გზა მოძებნეს - ზოგმა სიტყვა უკან წაიღო, ზოგმა პასუხისმგებლობაზე ვეღარ ისაუბრა, ზოგიც კი სამედიცინო კვლევებისთვის კლინიკაში წავიდა.
არის ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი და კიდევ ერთი რეალობა - სანამ ვიღაც ღობეს გლეჯდა, ქალაქების გამოგლეჯით იმუქრება "ლელო". ოპოზიციური პარტიების ალიანსმა ვერც ვერავის ვერაფერი წაართვა, და მეტიც, მათი რიგები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. პარტიიდან წასულები ძალადობას გაემიჯნენ.
ამ სხვა რეალობიდან ისევ იმ სხვა რეალობაში უნდა დავბრუნდეთ. უგეგმო და კიდევ უფრო უგეგმოდ დარჩენილი აქციის მონაწილეები, როცა ვერაფერს გახდნენ, ერთმანეთს წაეჩხუბნენ. ერთ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - მიზეზი, სამოქმედო გეგმაზე შეუთანხმებლობა გახდა.
როცა ვერშემდგარი რევოლუციონერების მატარებელმა ჩაიარა, შედეგებზე საუბრის დროც დადგა. ხელისუფლებას რომ ყველა კანონდარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნებოდა, ამის შესახებ მმართველმა გუნდმა ოპონენტები არაერთხელ გააფრთხილა. თბილისის მოქმედმა და მესამედ არჩეულმა მერმა, პირობა დადო რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
და რა იყო რეალურად რეალობა: საქართველოს მოქალაქეებმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ნება გამოხატეს და ქვეყნის მართვა "ქართულ ოცნებას" ანდეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებელი გამარჯვება ყველგან მმართველ პარტიას ერგო. დამხობის მცდელობა კი ისევ ჩავარდა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გასულ ოთხ წელზე და ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქვეყანამ "ნაცმაიდნის" მოწყობის მეხუთე მცდელობაც აირიდა. მთავრობის მეთაურმა ოპონენტების ზრახვებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი მიზანი სახელმწიფოს დაზიანებაა.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. დასრულდა 16:00 საათზე დაანონსებული, დაგვიანებით დაწყებული და საბოლოოდ ვერ შემდგარი დამხობის გეგმაც. ქვეყანაში არჩევნები 2028 წლამდე აღარ იქნება.