რუსთავში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ნინო ლაცაბიძე, თითქმის, 92%-ით ლიდერობს.
ქალაქის ათივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მოიპოვეს მმართველი პარტიის კანდიდატებმა. თვითმმართველ ქალაქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, არ დაწერილა არცერთი საჩივარი. მთლიანობაში, არჩევნებში 8 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, მერობისთვის კი ორი კანდიდატი იბრძოდა.
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მხარდაჭერისა და ნდობის გამოცხადებისთვის თითოეულ რუსთაველს მადლობა გადაუხადა.
"მადლიერება გვინდა გამოვხატოთ რუსთავის "ქართული ოცნების" იმ რუსთაველის მიმართ, ვინც არჩევნებზე მივიდა და მხარი დაუჭირა ჩვენი ქალაქის განვითარების გაგრძელებას - მხარი დაუჭირა იმ ძლიერ, მეგობრულ, კვალიფიციურ გუნდს, რომელიც გააგრძელებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით, ჩვენი ქალაქის განვითარებას.
ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. დღევანდელი დღე, სიამაყის დიდ გრძნობას შეიცავს ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, სიამაყესთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.