ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. დღეს ის განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა ან შეცვლა არ განხორციელებულა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა.
რეაბილიტაციის შედეგად, პარკში განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. ასევე, მოეწყო დამატებითი 1 000 კვ.მ ფართობის სივრცე.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თბილისს შეემატა სრულიად განახლებული, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.