თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ვარკეთილის მეტროს სარემონტო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოძიება, სწორედ ამიტომ, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი 12 მეტროსადგურისთვის.
"ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული გამოწვევები. სხვათა შორის, მე არაფერი არ დამიმალავს მოსახლეობისთვის, მთავრობის ყველა სხდომაზე ვსაუბრობდი იმაზე, თუ რა კეთდებოდა, რა პრობლემები იყო, რა გამოწვევები, რატომ გაიწელა დრო. უდიდესი პრობლემაა [ისეთი ადამიანების მოძიება], ვინც აღნიშნული მიმართულებით თემა იცის - სპეციალისტი და კვალიფიციური კადრები მყავს მხედველობაში. პრობლემა გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, - მოგვიწია, გარედან შემოგვეყვანა ადამიანები, სპეციალისტები, ექსპერტები, როლებიც გვეხმარებიან დღეს. პროექტი, რომელიც უნდა დაგვეწყო, გაგვაჩერებინეს, - კატასტროფას აკეთებთო. ჭერი, რაც ჩამოინგრა, იყო აბსოლუტურად გამოფიტული. მოხდა მისი დასკანერება შესაბამისი ტექნიკით. გახსოვთ, აგვისტოში დროებით გაჩერებული გვქონდა სადგური, სადაც მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რომ ჭერი მთლიანად მოწესრიგებული იყოს და ყველანაირ სიმძიმეს გაუძლოს.
ახალ წლამდე, მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ზუსტად ამიტომ, რომ ასეთ სირთულეებს წავაწყდით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს 12 მეტროსადგურზე, სადაც გვინდა, რომ უცხოური კომპანიები შემოვიდნენ. პირდაპირ ვამბობ - გამოწვევაა ქვეყანაში, არ გვყავს სპეციალისტები, კომპანიებს ეშინიათ ამხელა პასუხისმგებლობის აღება, რადგან არ იციან, სწორად როგორ უნდა გააკეთონ, ამიტომ ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს," - განაცხადა კახა კალაძემ.