EBRD-ის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკი ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ. პროგნოზის გადახედვა განპირობებულია 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება. 2025 წლის პირველ ნახევარში ძლიერი ზრდა შენარჩუნდა დაახლოებით 8.3%-ზე, რაც წინა წლის 9.2%-იან მაჩვენებელთან ახლოსაა.
აზიის განვითარების ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს და უკვე განსაზღვრულია ის სფეროები და დარგები, რომელთა განვითარება დიდწილად განსაზღვრავს საქართველოში ეკონომიკური ზრდის დადებით მაჩვენებელს.
"საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მშენებლობის სფეროში ძლიერმა მაჩვენებლებმა ზრდა განაპირობა, ისევე, როგორც ძლიერმა კერძო მოხმარებამ. ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საგარეო სექტორის გაფართოებას და საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი სატრანზიტო მარშრუტისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მზარდ როლს. ინფლაციამ 2025 წლის ივნისში წლიურად 4.0%-ს მიაღწია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი 8.0%-ზე შეინარჩუნა გარე შოკებისგან თავის დასაცავად და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აშშ დოლარის შესუსტებამ ხელი შეუწყო ლარის 3.5%-ით გამყარებას", - ვკითხულობთ ანგარიშში.