საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მოლდოვაში ოპოზიციურ პარტიას 1 წლით საქმიანობა შეუზღუდეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. გადაწყვეტილება ქვეყნის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა და პოლიტიკურ გაერთიანება „მოლდოვის გულს“ ვერდიქტის გასაჩივრებისთვის 15 დღე მისცა.
ოპოზიციური პარტიის საქმიანობის შეზღუდვის მიზეზად, სასამართლომ დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები დაასახელა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად პარტიის ლიდერი ირინა ვლაჰი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მმართველი პარტიის დაკვეთით მიმდინარეობს.
ირინა ვლაჰის პარტია "მოლდოვის გული" ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის ოპოზიციური ბლოკის წევრია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის პარტიის "მოქმედება და სოლიდარობას" მთავარი კონკურენტი იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იგორ დოდონი ირინა ვლაჰს მხარდაჭერას დაჰპირდა.
მოლდოვის 101 კაციან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ორი გაერთიანება იბრძვის: ექსპრეზიდენტ დოდონის "პატრიოტების ბლოკი" და მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს "მოქმედება და სოლიდარობა". "როიტერის" ინფორმაციით, წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, კონკურენტებს თანაბარი რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავთ.
არჩევნების წინ, კიშინიოვის პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დედაქალაქის ერთ-ერთ სტამბაში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა 200 მონიშნული საარჩევნო ბიულეტენი ამოიღეს, რომლებიც ერთ-ერთი კონკრეტული საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ იყო მონიშნული. გამოძიების ვერსიით, ბიულეტენები შესაბამის პოლიტიკურ ბლოკთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე დაიბეჭდა და მათი გამოყენება არჩევნების დღეს "კარუსელის" სქემით იგეგმებოდა