15 აგვისტო 2026,   22:18
ვრცლად
5000 კვ.მ-ზე განთავსებული თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი ტაბახმელაში - დასრულებული პროექტი კახა კალაძემ დაათვალიერა


მშენებლობა დასრულებულია - სპორტული კომპლექსი მომავალი სპორტსმენებისთვის მოტივაციის წყარო და ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა, რათა საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.

5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული სპორტული კომპლექსი აერთიანებს საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანს. ტერიტორიაზე 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნაა.

აქტიურად მიმდინარეობს პადელის ორი მოედნის მოწყობის პროცესიც.

სტადიონების გარდა, ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობა აშენდა, რომელიც სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. კორპუსი აერთიანებს სამედიცინო ოთახს, ოთხ საძინებელს და სხვა საჭირო სივრცეებს.

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დაათვალიერა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით თბილისის განვითარებას გეგმავს.

მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რაზეც 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეიდან ადგილობრივებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსით სარგებლობა შეუძლიათ.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები