შანტაჟი, მუქარა, ბულინგი და მოსყიდვის მცდელობა - კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ბრალდებების ადრესატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ახალი ხელმძღვანელია. ირაკლი კუპრაძე მამუკა მდინარაძის უწყებას წინასაარჩევნოდ მის თანაგუნდელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის დასტური "ლელოს" ლიდერისთვის ბოლნისის მერობის კანდიდატის შეცვლილი პოზიცია გახდა, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციის სახელით მონაწილეობა აღარ ისურვა.
ირაკლი კუპრაძის სიტყვებს ასეფ ჩირაგოვი უარყოფს. ბოლნისის მერობის ყოფილი კანდიდატი დღეს "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა. ჩირაგოვი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მერობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ ირაკლი კუპრაძეს არ იცნობს და კომუნიკაციაც არავისთან ჰქონია.
ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადების ფონზე, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას ყოველგვარი რესურსი ამოწურული აქვს, 4 ოქტომბერს მათი მარცხი კი გარდაუვალია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია მოღალატეებს მმართველი გუნდში ეძებს. ამის დასტური კი, საჯარო მოწოდებები და ძალოვანი უწყების წევრებისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტებია. სახელისუფლებო გუნდიდან ოპონენტებს ურჩევენ, რომ მოღალატეები საკუთარ რიგებში იპოვონ.
მოწოდებებს, რომელზეც "ქართული ოცნება" აპელირებს სატელევიზიო არქივი ინახავს. მაგალითად, ის განცხადებები, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და პოლიციელებს ქრთამის სახით თანხას სთავაზობენ.
ოპოზიციის ბრალდებები აბსურდული, მათივე მხრიდან სამართალდამცველების მოსყიდვის მცდელობა კი ფუჭია "ქართული ოცნებისთვის." სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ არაერთი მოწოდების, საჯარო განცხადების, ზეწოლისა და ქრთამის შეთავაზების მიუხედავად, ოპონენტებმა "ქართული ოცნების" რიგებში ვერც ერთ მოღალატეს ვერ მიაკვლიეს. ოპოზიციის მხრიდან სუს-ზე თავდასხმა კი "ქართული ოცნების" თქმით, ახალი ხელმძღვანელობის სწორი და ეფექტიანი მუშაობით აიხსნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტის ახალ ტაქტიკაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი სახის კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ხელმძღვანელი, კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრების მოსყიდვასა და მასზე ზეწოლაში დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაადანაშაულა.
ავტორი: ნანა გოგატაძე