"ფაქტობრივად, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია არ გააჩნია, კანდიდატებიც კი არ ჰყავთ და, სადაც ჰყავთ მერობის კანდიდატები დაყენებული, უნდა წარმოიდგინოთ რაოდენ სუსტი კანდიდატი ჰყავთ, ამიტომ, არანაირი ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა, არავის არ სჭირდება. უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი, ელისაშვილის განცხადებების გადამკიდე ხვდება, რომ მისი ადგილი იქ არ ყოფილა," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს თვითმმართველობის არჩევნებში მოსალოდნელი მარცხი მსგავსი განცხადებებით ახსნას.
"რაც შეეხება მოსყიდვას, შანტაჟს და ა.შ. მათ მართლა ჰქონდათ ამის მცდელობა, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში. იქნებ ერთი პირი, რიგითი მაინც მოესყიდათ, შანტაჟის ქვეშ მოექციათ და ამით დროებითი პროპაგანდა აეგორებინათ. ვერ აკეთებენ ამას, არ არსებობს ასეთი მოცემულობა, ამიტომ ახლა თვით შანტაჟის სცენას დგამენ, ბოლნისის მაგალითზე.
არჩევნებში ხომ დამარცხდებიან, მერე ხომ უნდა თქვან, რატომ დავმარცხდითო. იმას კი არ იტყვიან, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით და ტრაგიკული შეცდომები გვაქვს დაშვებულიო. იტყვიან, კამერა რომ დაამონტაჟეს პარლამენტში მაგის ბრალია და მამუკა მდინარაძე რომ დაინიშნა სუს-ის უფროსად, მაგის ბრალია ჩვენი დამარცხებაო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ სუს-ის მხრიდან ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვასა და შანტაჟზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშ არიან. კუპრაძემ დაასახელა რამდენიმე მაგალითი, მათ შორის, "ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.