"გაეროს პრინციპები ისეთი თავდასხმის ქვეშაა, როგორც არასდროს. ახლა, როცა ჩვენ აქ ვიკრიბებით, მშვიდობიანი მოქალაქეები სამიზნეები არიან და საერთაშორისო სამართალი ირყევა ღაზაში, უკრაინაში, სუდანსა და მის მიღმა", - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ოფიციალურად გახსნაზე განაცხადა.
როგორც გუტრიერეშმა აღნიშნა, წინსვლის ერთადერთი გზა ერთობაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს მშვიდობის შესახებ დაპირება.
"არსებობს მუდმივი მითი, რომ მშვიდობა გულუბრყვილო ცნებაა და რომ რეალური პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლებისა და პირადი ინტერესების პოლიტიკაა, თუმცა ჩვენმა თავდაპირველმა დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ მშვიდობა ყველაზე მამაცი, პრაქტიკული და აუცილებელი სწრაფვაა. გაეროს მშენებლობისას შექმნეს რაღაც განსაკუთრებული - ადგილი, სადაც ყველა ქვეყანა - დიდი თუ პატარა, ერთად მოიყრიდა თავს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთაც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება.
მიუხედავად ამისა, ამ წუთას, გაეროს პრინციპები ისეთი თავდასხმის ქვეშაა, როგორც არასდროს. ახლა, როცა ჩვენ აქ ვიკრიბებით, მშვიდობიანი მოქალაქეები სამიზნეები არიან და საერთაშორისო სამართალი ირყევა ღაზაში, უკრაინაში, სუდანსა და მის მიღმა. მზარდია სიღარიბე და შიმშილი, ხოლო მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესი შეფერხებულია. პლანეტა იწვის ხანძრებით, წყალდიდობებია, რეკორდული სიცხეები, რაც ქმნის კლიმატურ ქაოსს. იმავდროულად, მულტიპოლარული სამყაროსკენ მივდივართ, თუმცა ძლიერი მრავალმხრივი ინსტიტუტების გარეშე მულტიპოლარულობას თავისი რისკი აქვს, როგორც ეს ევროპამ აღმოაჩინა პირველი მსოფლიო ომის დროს.
ამ გამოწვევებზე რეაგირება საჭიროებს არამხოლოდ გაეროს დაცვას, არამედ მის გაძლიერებას. სწორედ ეს არის 2030 წლის დღის წესრიგის, მომავლის პაქტის და გაერო 80-ის ინიციატივის მიზანი, რომ განვაახლოთ საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძვლები და შევძლოთ ხალხისთვის საქმის კეთება მთელ მსოფლიოში. გამოწვევებზე რეაგირებისთვის, დაე გვახსოვდეს ის, რაც ჩვენმა დამფუძნებლებმა იცოდნენ. წინსვლის ერთადერთი გზა ერთობაა. დაე, აღვუდგეთ გამოწვევებს სიცხადით და სიმამაცით და გავიაზროთ მშვიდობის შესახებ დაპირება", - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია ოფიციალურად გაიხსნა.