თბილისში პოლიტიკური შეფასებები თემაა ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელიც ამერიკის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
მაკრონმა განაცხადა, რომ დიპლომატმა შეცდომა დაუშვა და ასეთი განცხადებები მიუღებელია. საფრანგეთის პრეზიდენტი გულისხმობდა ჩარლზ კუშნერის ღია წერილს, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი მაკრონს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების მიღებაში ადანაშაულებდა.
"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია, თუმცა როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემაზე საუბრობს, არ უნდა დაავიწყდეს საქართველოში, მისი ქვეყნის ყოფილი ელჩის, შერაზ გასრის ქმედებები და განცხადებები, რომელიც, მათი თქმით, ღიად უჭერდა მხარს ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისთვის სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება.
"სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. სწორია, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპლომატებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, მათ კონვენციიდან გამომდინარე აქვთ პრივილეგიები და ამ პრივილეგიის საპირწონედ დგას ის თავშეკავებულობა, რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ შიდა საკითხებში ჩარევისგან თავის შეკავების სახით.
იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრონ, ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელობა. თუმცა დიპლომატს იმიტომაც ჰქვია დიპლომატი და ამაზე პრეზიდენტმა მაკრონმაც ისაუბრა, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თავად რომ ხვდებიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს, დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.