შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ამოღებულია 2 კილოგრამამდე "მეთადონი" და ნახევარ კილოგრამამდე "ალფა პვპ".
"დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამართალდამცველების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებების გატარება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით", - აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.