პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს მიუთითებს, რომ სახელმწიფო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ დაუშვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციას, რომელსაც ბოიკოტში მყოფები არჩევნების ალტერნატივად განიხილავენ, განხორციელება არ უწერია.
ხელისუფლების არაერთი გაფრთხილებისა და ხაბეიშვილის დაკავების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა უცვლელია, ისევე როგორც მათი გეგმები. სააკაშვილის პარტიისთვის 4 ოქტომბერი წინასწარ გამოცხადებული ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თარიღია, თუმცა მოვლენების სხვაგვარად განვითარებასაც არ გამორიცხავენ.
დამხობა აქციის გაცხადებული მიზანია, თუმცა "ლელო" არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად, აქციაზე მისვლას საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ და თან სხვა, ძველი მოთხოვნებით აპირებს.
"ქართული ოცნება" ოპონენტების რიტორიკას არასერიოზულად მიიჩნევს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მშვიდობიანი დამხობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა, არჩევნების გარდა, ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა კი არალეგიტიმურია, რასაც კანონის მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
4 ოქტომბრამდე 16 დღე რჩება. ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ნაწილი კი რევოლუციას აანონსებს.