16 აგვისტო 2026,   03:57
ვრცლად
"ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტურ კომპანია "ნელსონ მალინსში" მილიონიანი ტრანში კიდევ ერთხელ განახორციელა - სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტების მსგავსი ქმედება არ უკვირთ

მმართველი გუნდი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე საუბრობს. "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტურ კომპანია "ნელსონ მალინსში" მილიონიანი ტრანში კიდევ ერთხელ განახორციელა.

საუბარია, ჯერ კიდევ ივლისში გაფორმებულ კონტრაქტზე, რომელსაც ხელი პარტიის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა. ნელსონ მალინსს "ნაცმოძრაობა" ამერიკის სენატსა და კონგრესში მათი ინტერესების გატარებას და სარჩევნო პროცესის დროს დახმარებას სთხოვს, თუმცა არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობს.

სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტების მსგავსი ქმედება არ უკვირთ. ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ამ ფორმით დიდი ხანია "ნაცმოძრაობა" კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერას ყიდულობს. მიზანი კი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა.

კონტრაქტს და ლობიზმში გადახდილ მილიონებს ადასტურებენ თავად "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის წევრების ნაწილი, რომელიც ახლა ამერიკაში არ იმყოფება ამტკიცებს, რომ კონტრაქტის დეტალებს არ იცნობს. თუმცა, მათი თქმით, დიდი ოდენობის თანხები "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული მიზნებისთვის იხარჯება, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაშია.

ოპოზიციური პარტიის სტრატეგია ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს გაიხსენეს ისიც, რომ ნელსონ მალინსი კაროლინას შტატშია რეგისტრირებული. "ფარადან" კი ირკვევა, რომ კომპანიიდან თანხები წლებია კონგრესში კაროლინას შტატის წარმომადგენელ ჯო უილსონის საარჩევნო კამპანიას ხმარდება. მორიგი გადარიცხვის შემდეგ, მათი თქმით, სწორედ, ჯო უილსონი გააქტიურდა და საქართველოში არარსებული "ტრამპ თაუერის" შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ფარას დოკუმენტებს დადგენილი პერიოდულობით აქვეყნებს. 2021 წლიდან დღემდე ირკვევა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და პარტიას რამდენიმე ლობისტური კომპანია ჰყავდათ დაქირავებული. მათთვის გადახდილი თანხა კი ჯამურად 2 მილიონ დოლარს აჭარბებს.

დღის ამბები