სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეუთო/ოდირი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. საქართველოს შემთხვევაში მისიის გამოგზავნას ვადების სიმცირეს გამო არ თანხმდება, თუმცა ანალოგიურ პერიოდში მზად არიან ჯგუფი ჩეხეთში გაამგზავრონ. ეს იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური თბილისიდან და პრაღიდან გაგზავნილ მოწვევებში სხვაობა მხოლოდ 4 დღეა. ეუთომ ჩეხეთისგან წერილი 2 სექტემბერს, საქართველოსგან კი 6 რიცხვში მიიღო.
ერთი და იგივე შინაარსის შეთავაზებაზე რომ 2 განსხვავებული გადაწყვეტილებაა მიღებული, ეუთო/ოდირმა "კურიერისთვის" რამდენიმე დღის წინ გამოგზავნილ წერილშიც დაადასტურა. სცადეს აეხსნათ მიზეზიც. თქვეს, რომ ჩეხეთის შემთხვევაში საჭირო იყო "საარჩევნო შეფასების, ხოლო საქართველოსთვის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტება". სადამკვირვებლო ორგანიზაციის არგუმენტებს ოპოზიცია ეჭვქვეშ არ აყენებს. მიაჩნიათ, რომ საქართველოს შემთხვევაში მისიისთვის 1 თვე საკმარისი არ არის.
ეუთო/ოდირის მიერ დასახელებული არგუმენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უარის საფუძველი არ არსებობს და მისია ამ გზით მოსალოდნელი თავდასხმისა და ზეწოლისგან თავის არიდებას ცდილობს.
საქართველოში ჩამოსვლაზე ოფიციალური უარია, თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ეუთო/ოდირი სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებს ისე დააკვირდა, რომ საჭიროებათა შეფასების მისია არ გაუგზავნია. ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, მოლდოვა, ლატვია და ჩრდილოეთ მაკედონია - ეს სწორედ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალია.