ელენე ხოშტარიას ბრალი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს. "დროას" ლიდერი ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება და საადვოკატო მომსახურებაზე უარს ამბობს. ისევ უპასუხოდ რჩება კითხვა, გადაიხდის თუ არა გირაოს ოპოზიციონერი.
ელენე ხოშტარიას პროკურატურამ ბრალი დღის მეორე ნახევარში წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციონერმა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი განზრახ დააზიანა. თავად კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ხოშტარია გარე ძალების მითითებით მოქმედებს, მის რადიკალურ ქმედებებს კი მხარს საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილიც უჭერს.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ელენე ხოშტარიას შეხვედრა, სწორედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდების ელჩმა ოპოზიციონერს არაფორმალურ გარემოში, თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა. ფაქტს ადასტურებენ ხოშტარიას თანაპარტიელები, თუმცა ამტკიცებენ, რომ შეხვედრა საელჩოში შედგა, საუბრის თემას კი არ აკონკრეტებენ.
ნიდერლანდების ელჩის ელენე ხოშტარიასთან არაფორმალურ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი რადიკალიზმის მორიგ წახალისებად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარე კი, დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის კიდევ ერთხელ დარღვევაზე მიუთითებს.
რატომ შეხვდა ოპოზიციის ლიდერს ელჩი არაფორმალურ გარემოში და რა იყო საუბრის მთავარი თემა - ამ კითხვებით "კურიერმა" ნიდერლანდების საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართა და პასუხს ელოდება.