პარტია "მემარცხენე ალიანსი" უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ ევროპარლამენტარ მარკეტა გრიგორევას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურია და "ქართულმა ოცნებამ" ბრიუსელის პირობები უნდა შეასრულოს.
კახა ძაგანიას შეფასებით, გრიგორევას განცხადება საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინებაა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნა ქვეყნის მიმართ მუქარა და შანტაჟია.
"ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპელი მღვდელი გაპონი, მომენტს არ უშვებს საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას, ან ვინმეს არ ათქმევინოს. ურსულამ ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ ხალხის დასაშინებლად ერთგული თანამოაზრე, ქართველთმოძულე, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა აალაპარაკა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით კიდევ ერთხელ დაგვემუქრა.
ქართული აუდიტორიისთვის გათვლილ ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარკეტა სხვა ბევრ სიცრუესა და სისულელესთან ერთად ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიმღები კანონები წინააღმდეგობაშია ევროკავშირის იდეოლოგიასთანო. თან ამბობს, რომ საქართველოს არაფერს ვავალდებულებთო.
არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც კავშირის სათავეში მღვდელი გაპონის მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსები არიან, არის კი საქართველოს ადგილი ამ კავშირში. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - არათუ ვინმეს მუქარის უნდა გვეშინოდეს, არამედ ჩვენ თავად, სასწრაფოდ უნდა ვთქვათ უარი დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - აცხადებს პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელი კახა ძაგანია.