20 აგვისტო 2026,   20:52
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" პაველ ჰერჩისნკის ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ შეახსენა - მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩის მხრიდან სიძულვილის ენის და აქტივისტების წახალისებაზე საუბრობენ

"ქართულმა ოცნებამ" პაველ ჰერჩისნკის ვენის კონვენცია დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. მმართველ გუნდში, ევროკავშირის ელჩის მხრიდან რადიკალური პროცესების და აქტივისტების წახალისებაზე საუბრობენ.

უმრავლესობის წევრები აქცენტს ჰერჩინსკის ბოლო შეხვედრაზე აკეთებენ, როდესაც დიპლომატი გურიაში ჩავიდა, ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო და აქტივისტებს შეხვდა. ინფორმაცია და ფოტო მასალა სოციალურ ქსელში აქტივისტმა ანანო ცინცაბაძემაც გააზიარა, რომელიც "სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს" წევრია. თანამშრომლობდა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან" და აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში. უმრავლესობის წევრები აქტივისტის სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ამგვარი შეხვედრებით ევროპელი დიპლომატი, ამ კონკრეტული ჯგუფების წახალისებას ცდილობს.

ანანო ცინცაბაძემ დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. განმარტებები გაკეთდა იმ ფონდში, სადაც აქტივისტი მუშაობს.

"სოლიდარობის ფონდი პიელ საქართველო" პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და უარს ამბობს "ფარას" ქართულ ანალოგში რეგისტრაციაზე. ფონდში აცხადებენ, რომ ცინცაბაძე კონკრეტულ პროექტებზე დისტანციურად მუშაობს და ოფისში არ დადის.

ევროკავშირის ელჩის მანდატზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციაში - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვის და როდის შეხვდება პაველ ჰერჩინსკი, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

სიძულვილის ენის, ძალადობის და რადიკალური მოწოდებების წახალისებაზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებზე დიპლომატების განმარტება ამ დრომდე არ მოუსმენია.
 
"კურიერი" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციით დაინტერესდა და საელჩოს წერილით მიმართა, თუმცა "რუსთავი 2"-ის შეკითხვები მათი მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. არსებული მონაცემებით, კენჭისყრის დღეს 16-ზე მეტი საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

დღის ამბები