მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ჰექსოგენის საქმესთან კავშირი საქართველოში ძებნილ, უკრაინის სპეცსამსახურების ქართველ მაღალჩინოსნებს ჰქონდეთ. საუბარია 2.5 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც ტროტილზე ბევრად ძლიერია. "ჰექსოგენი" საქართველოში უკრაინიდან 5 ქვეყნის გავლით შემოვიდა.
სუს-ის მიერ დაკავებული უკრაინის მოქალაქის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ნივთიერება "ესბეუ"-ს წარმომადგენლებმა გადასცეს. საბოლოო დანიშნულების ადგილი კი, საქართველოს გავლით, რუსეთის ფედერაცია იყო.
დაკავებულის მტკიცებით, "ჰექსოგენი" დივერსიულ ოპერაციაში უნდა გამოეყენებინათ. სუს-ში ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ჯერჯერობით, ტვირთის საბოლოო ლოკაციად თბილისი, კერძოდ, ავლაბარში არსებული საცხოვრებელი სახლი სახელდება.
სახელისუფლებო გუნდი მიზანმიმართულ პროვოკაციას არ გამორიცხავს. მმართველი პარტია საქართველოში სააკაშვილის ფარულად შემოყვანასაც იხსენებს, რაც უკრაინულმა სპეცსამსახურმა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვია.
სუს-ის მიერ დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის.
ოპონენტებს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების მცდელობა, ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი კვლავ ძალაშია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე "ჰექსოგენის" გადაზიდვის ფაქტზე 11 სექტემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გადაზიდვას გულისხმობს. სუსი ასევე იკვლევს მედიაში გავრცელებულ ვერსიასაც, რომლის მიხედვითაც ასაფეთქებელი ნივთიერება ოპოზიციის მხრიდან 4 ოქტომბერს დაანონსებულ პროტესტს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სახელს უკავშირდება.