მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩის მხრიდან რადიკალური პროცესების და აქტივისტების წახალისებაზე საუბრობენ და ამჯერად აქცენტს ჰერჩინსკის ბოლო შეხვედრაზე აკეთებენ. ევროპელი დიპლომატი გურიაში ჩავიდა, აქტივისტებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნას დაესწრო. ინფორმაცია და ფოტო მასალა ირმა გორდულაძის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტივისტმა ანანო ცინცაბაძემაც გააზიარა, რომელიც "სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს" წევრია, თანამშრომლობდა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან" და აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში. მმართველ გუნდში აქტივისტის სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს იხსენებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების მანდატი, მათ შორის სამოქალაქო ინსტიტუტებთან ურთიერთობასაც ითვალისწინებს.
მმართველ გუნდში დღეს ევროკავშირის და გერმანიის ელჩების მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევაზე ისაუბრეს. უმრავლესობა ამბობს, რომ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის ქმედება საკუთარ მანდატს ცდება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებას არ მოუსმენია კონკრეტულ ფაქტებზე დიპლომატების განმარტება. სიძულვილის ენის, ძალადობის და რადიკალური მოწოდებების ავტორებთან შეხვედრები და მათი ორგანიზაციების დაფინანსება კი ამგვარი ქმედებების წახალისებას ნიშნავს, რაც დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა.