16 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
"ნებისმიერი საქმე, რასაც "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ იარლიყს აწებებდა, შემდეგ რომ გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი" - ლევან მაჭავარიანი

"ბატონი ხაბეიშვილი, რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა განუწყვეტლივ რეჟიმში - ხან ქრთამს ჰპირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად, ყველას შევახსენებ, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება - ქრთამი იქნება თუ დამხობა - შეიძლება რელევანტურად ჩაითვალოს [დანაშაულის კვალიფიკაციისთვის]. ის არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, მის განცხადებებს რაღაც საფუძვლები აქვს და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალდების დამძიმებას.

მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არცერთ საქმეს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა ყველა მსგავს საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება სწორად მოქმედებდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ დაკავებას, ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს, უსაფუძვლოს უწოდებს და აპელირებენ აბსოლუტურად აბსურდული არგუმენტებით. ნებისმიერი საქმე, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ იარლიყს აწებებდა - გვარამიას საქმე, სააკაშვილის, მერაბიშვილის, მელიას თუ "რუსთავი 2"-ის საქმე, ასეთი ძალიან ბევრია - შემდეგ რომ გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. ამავე საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას ბრალად ედება ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა და გამოძიებაში უკანონო ჩარევა.

პროკურატურა სასამართლოს ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, ხოლო ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას სთხოვს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები