"ისტორიაში ჩასაწერად ყველაფერზე წამსვლელი" - "ქართული ოცნებისთვის", გედევან ფოფხაძეა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადების მიღმა, მმართველი გუნდი, ახალგაზრდებში ძალადობის წახალისების მცდელობას ხედავს.
გედევან ფოფხაძემ ზიზღისა და სიძულვილის შემცველი განცხადება საჯაროდ გააკეთა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის სიტყვების ადრესატი კი სახელისუფლებო გუნდი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე იყო.
გედევან ფოფხაძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც არჩევნების ბოიკოტის მიზეზით ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადა. მაშინ რუსთაველის 8 ნომერთან მის მოსანახულებლად პეტერ ფიშერი მივიდა. გმობს თუ არა გერმანიის საელჩო გერმანელი დიპლომატის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციონერის განცხადებას - ამ შეკითხვით "რუსთავი 2-მა" დიპლომატიურ უწყებას მიმართა, თუმცა შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ვიდრე გერმანიის ელჩი და საელჩო დუმს, ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება დაგმეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.
დაპირისპირების პროვოცირება რადიკალური განცხადებებით -"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ გედევან ფოფხაძის ძალადობრივი მოწოდებები, ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების წახალისებას ემსახურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ ყველაფერში ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, კონკრეტული დიპლომატები ეხმარებიან.
ელჩების მხრიდან ძალადობისა და რადიკალიზმის წახალისებაზე დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ტრაგიკულია, როცა დიპლომატები, დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდებიან.
კომიკოსი აქტივისტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, ირმა გორდელაძეა. ოპოზიციის აქციების აქტიური მონაწილე და კრიტიკული განცხადებების ავტორი. მას დღეს თბილისიდან გურიაში ჩასული ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შეხვდა და მხარდაჭერაც ხელის ჩამორთმევით დაუდასტურა.