19 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის დაკავება - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და პოლიტიკური საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის სახით, ფულადი თანხის დაპირების ფაქტზეა დაკავებული

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და პოლიტიკური საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის სახით, ფულადი თანხის დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს პირობას აძლევდა, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ათას დოლარს გადაუხდიდა. ქრთამის მიცემის საჯარო პირობის მიღმა კი ხელისუფლების შეცვლის ინტერესი იდგა.

ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღის მეორე ნახევარში მიიყვანეს. სუს-ში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის შეყვანიდან მალევე, უწყებასთან მისი თანაპარტიელები და ადვოკატები შეიკრიბნენ. ხაბეიშვილის ინტერესების დამცველისთვის, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის, წარდგენილი ბრალი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

სამართლებრივი აბსურდი, რაზეც ადვოკატი საუბრობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საქმის მთავარი მტკიცებულებაა.

არქივი ლევან ხაბეიშვილის მიერ ტელევიზიებსა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ არაერთ მოწოდებას ინახავს, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში ჰპირდებოდა, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე უარს იტყოდნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით 200 ათას დოლარს ჰპირდებოდა იმ პოლიციელებსაც, რომლებიც მას საიდუმლო ინფორმაციებს მიაწვდიდნენ.

ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას მალევე მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილმაც. პატიმარი ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ირწმუნებოდა, რომ პირობას შეასრულებდა და ფულის სანაცვლოდ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისგან საიდუმლო მასალებს თავადაც ითხოვდა. ხაბეიშვილი ამტკიცებდა, რომ მასალების ნაწილი უკვე ჰქონდა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვდა.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც. ყოფილ გენერალურ პროკურორს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას და ერთ-ერთ მათგანზე ძალადობას ედავებიან. ზოდელავას ადვოკატი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა ვითარებაში მოხდა ზოდელავას დაკავება და კონკრეტულად, რას ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორს.

საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების და კორუფციული ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიულ და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს.

დღის ამბები