19 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
კონგრესმა "მეგობარი აქტი" არ მიიღო - მმართველი გუნდი ამბობს, რომ პროექტის ჩაგდება შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე პოზიტიურად იმოქმედებს

აქტი ჩავარდა -პროექტი ზედა პალატაში დაიბლოკა. კონგრესმენი სტივ კოენი, რომელიც ფაქტს ადასტურებს, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აღარ ამტკიცებს სენატი ჯო უილსონის მომზადებულ დოკუმენტს.

კონგრესმენს არ ესმის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ პროექტის ჩაგდება შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე პოზიტიურად იმოქმედებს. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქტის მიღება, რომელსაც მეგობრულთან კავშირი არ აქვს, ხელს ვერ შეუწყობდა ხელისუფლების სურვილს - აღდგეს ამერიკასთან თანამშრომლობა.

მეგობარ აქტზე, დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპონენტები. ამაზე აქტიურად საუბრობდა მისი მთავარი ავტორი, ჯო უილსონიც, რომელსაც ოპოზიცია ამ საკითხზე ხშირადაც ხვდებოდა.

საქმე ხელმოწერამდე ვერც მივიდა, თუმცა ჯინ შაჰინი, რომელიც უილსონთან ერთად დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი იყო, კონგრესში პროექტის მიღების შემდეგ ამტკიცებდა, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.

დოკუმენტს რომ რესპუბლიკელი სენატორები, ტრამპის ახლო გარემოცვის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ, ეს ზედა პალატაში აქტის ინიცირებიდან მალევე გაირკვა. პროექტი უკვე საბოლოოდ დაიბლოკა, რასაც კონგრესმენი ადასტურებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები იმედს არ კარგავენ. 

უმრავლესობა ოპონენტებს ურჩევს, ფაქტი აღიარონ და რეალობას შეეგუონ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოკავშირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდა, მხოლოდ დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. ლობისტური აქტის ისტორია კი ლოგიკურად დასრულდა. 

ე.წ. მეგობარი აქტი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მომზადდა, მოგვიანებით დაკორექტირდა, თუმცა დოკუმენტის მიღება, საბოლოოდ, ჩავარდა. 

დღის ამბები