ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ დისკუსიას მმართველი გუნდი არასერიოზულსა და პროვოკაციულს უწოდებს. "პარტნიორიდან პრობლემამდე - საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა" - ამ სახელწოდების პანელზე, მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი და თინათინ ხიდაშელი იქნებიან. კომისიის რელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით სუვერენიტეტი დაასუსტა და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. სახელისუფლებო პარტიაში დღეს კონგრესმენ ჯო ვილსონს და მის კოლეგებს ამერიკა-ჩინეთისა და ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა შეახსენეს. განაცხადეს ისიც, რომ ჩინეთთან პარტნიორობამ საქართველოს ეკონომიკას დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მისცა.
ჩინეთთან პარტნიორობას საქართველოს კომუნისტურ წარსულში დაბრუნებად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ჰელსინკის კომისიის რიტორიკას იზიარებენ და ამბობენ, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან კავშირი საქართველოს საგარეო ვექტორს აზიანებს.
ოპონენტებსა და ჰელსინკის კომისიას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" დღეს ზურაბიშვილი და ხიდაშელი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. პოლიტიკოსებმა ჩინეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ასეულობით მილიარდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაზეც ისაუბრეს. აღნიშნეს ისიც, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს მეტი ინვესტიცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები მოუტანა - ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში.
მოსმენა ჰელსინკის კომისიაში დღეს გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ კომისიის წევრებს ჩვენება წარსულში უკვე მისცა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ამჯერად კი, მკვლევარ ლუკ კოფთან ერთად, მოხსენებით გამოვლენ ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.