ლიონი, მარსელი, ტულუზა, პარიზი - მთელი საფრანგეთი ახლა დემონსტრანტების მიერაა ბლოკირებული. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ჩახშობას 80 000 პოლიციელი წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით, ხელკეტებითა და სხვა სპეცტექნიკით ცდილობს. დაკავებულია ასობით აქტივისტი, რომლებიც ჯანდაცვის სისტემასთან, ბიუჯეტთან, საპენსიო და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ.
ვიდრე ქუჩაში ხალხი სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებს და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ნიშნავს. სებასტიან ლეკორნუ, საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის 27-ე პრემიერია, რომელმაც მთავრობას უნდა უხელმძღვანელოს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ლეკორნუ ამ თანამდებობაზე დროებით ინიშნება, რადგან ხელისუფლებას სახლში წასვლა მოუწევს, რასაც თავად ემანუელ მაკრონი არ ეთანხმება.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ისმის ოპოზიციურ ფლანგშიც. კონსერვატიული იდეების მხარდამჭერი - მარინ ლე პენი, რომელსაც სასამართლომ, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლით ჩამოართვა ემანუელ მაკრონს დაუყოვნებლივ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
საპროტესტო გამოსვლები სახელწოდებით "დაბლოკე ყველაფერი" საფრანგეთში დღეს დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც 2017 წელს ემანუელ მაკრონი ხელისუფლების სათავეში მოვიდა - დემონსტრაციები პერმანენტულად იმართება.