მელიქიშვილის 21-თან დღის მეორე ნახევარში ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და კახა კალაძის შტაბის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის შტაბის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სამართალდამცველები ჩადგნენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც კახა კალაძის შტაბის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ახალგაზრდული კავშირის — "კულტურკამპის" დამფუძნებელი გიორგი ყურულაშვილია. ის "კურიერთან" ადასტურებს, რომ გუშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არაერთხელ შეაგინა. ყურულაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებში პირველივე დღიდან მონაწილეობს, იმასაც აღიარებს, რომ გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმებიც აქვს მიღებული - ჯამში 26.
ეს ფაქტი კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების შემდეგ მოხდა. არჩილ გორდულაძესთან პრეტენზიებით მისულმა ჟურნალისტმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც დეპუტატმა მოსთხოვა, ეჩვენებინა - გააშუქა თუ არა აქციის მონაწილეების გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ფაქტები.
აქციის მონაწილეთა ქმედებები, კახა კალაძის თქმით, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციაზე მის შტაბს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა და ახლა საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ელოდება.
კახა კალაძის შტაბის წევრებისადმი გინებასა და შეურაცხყოფას ოპოზიცია გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს. მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი პროტესტი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური უნდა იყოს.
მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას სახელისუფლო გუნდი არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითად მიიჩნევს, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ ამ პროვოკაციაზე განმარტებები ევროკავშირის და გერმანიის ელჩებმა უნდა გააკეთონ.
კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ თავდაპირველად გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. დღეს კი "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადების საფუძველზე საგამოძიებო უწყებამ საქმე აღძრა წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლითაც.