პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი დოკუმენტები დგინდება, რომ გახარიას პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლემ, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაზე უარი თქვა. საპარლამენტო ბოიკოტში მყოფები, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს კანონმდებლობით მოქმედებას, ანუ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნებას სთხოვენ. ამის მიუხედავად, გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ ამჯერად ბოიკოტის ერთგული რჩებიან.
გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტში რჩება, თუმცა რამდენი ხნით? - ეს დღეს გიორგი შარაშიძეს არ დაუკონკრეტებია. თქვა, რომ ახლა გადაწყვეტილება არ განიხილება, მაგრამ არც ის გამორიცხა, რომ პოზიცია არჩევნების შემდეგ გადაიხედოს.
ერთადერთი, ვისაც გახარიას გუნდის პრინციპული გადაწყვეტილების სჯერა, მათთან კოალიციაში მყოფი, "ლელო -ძლიერი საქართველოა." სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებში კი ექსპრემიერის პარტიამ, ნდობა ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, მოგვიანებით თანხმობით შეცვალა.
გახარიას გუნდის წევრების მხრიდან, შალვა პაპუაშვილისთვის მიწერილი წერილი, პარლამენტის ლეგიტიმაციის დასტურია "ქართული ოცნებისთვის." მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, ექსპრემიერის პარტია ქუჩიდან კვლავ პარლამენტში გადაინაცვლებს, თუმცა ამით პოლიტიკური რეალობა მაინც ვერ შეიცვლება.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილებამდე, 1 კვირით ადრე იყო აღიარება გერმანიიდან. გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად თქვა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.
გამოიყენებს თუ არა დარჩენილ რესურს გახარიას პარტია? - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ექსპრემიერის გუნდის ბოიკოტი დროებითია და სასესიო დარბაზში, მალე ოპოზიციის სკამები ისევ შეივსება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი წერილები, საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების წინაპირობაა.
არჩევნებისთვის გამოცხადებული ხანმოკლე ბოიკოტის შემდეგ, რამდენ ხანს გაგრძელდება გახარიას გუნდის საპარლამენტო ბოიკოტი? - ეს უახლოს მომავალში გაირკვევა.
ავტორი: ნანა გოგატაძე