სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა და ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობებით, - მსგავსი შინაარსის ცვლილება შედის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა, რომ პრაქტიკამ წინაპირობების დადგენის აუცილებლობა აჩვენა.
"პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ ეს საგამონაკლისო ნორმები, ამიტომ, სწორედ აღნიშნული კანონპროექტით, მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, კანონპროექტის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ეს წინაპირობები, რომლის მიხედვითაც მოხდება ქონების განკარგვა როგორც გაცვლის, ასევე პირდაპირი მიყიდვის დროს", - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.