15 აგვისტო 2026,   21:21
ვრცლად
საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და "ნაციონალური მოძრობის" მმართველობის 9 წელი თითქმის 500 გვერდში ჩაატია - დასკვნა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის არაერთ მძიმე ეპიზოდს აღწერს

საკანონმდებლო ორგანომ დადგენილება მიიღო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ წინა ხელისუფლების 9-წლიანი რეჟიმის უმძიმესი ეპიზოდები 460 გვერდზე დაწერა, თუმცა ფურცლები კიდევ ბევრს ვერ იტევს. 6-თვიანი მუშაობა, 46 სხდომა, გამოკითხული 139 პირი და "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაული - დოკუმენტი საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი საფუძველი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი რუსთაველის 8-დან გამსახურდიას 8 ნომერში ინაცვლებს. მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ, ერთ თვეში მიმართავს.

წინა ხელისუფლებას სამართლებრივი ფასის გადახდა მოუწევს. სისტემური დანაშაული, წამება, ძალადობა, მკვლელობები, ფინანსური ტერორი, მედიის შევიწროება და რუსეთ-საქართველოს ომი – დარღვეულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება. საგამოძიებო კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქრონოლოგიით დაადგინა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას 2003-2012 წლებში მართავდა ძალადობრივი რეჟიმი იყო. ძალადობას თან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებიც ახლდა - დასკვნაში განსაკუთრებული ადგილი უახლესი ისტორიის მძიმე თარიღს - აგვისტოს ომს ეთმობა - კომისიამ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ კოდორის ხეობა, დანაშაულებრივად, რუსეთს ჩააბარა, ომი არა პროფესიონალი სამხედროების, არამედ პოლიტიკოსების მიერ, ლობისტური ძალების დავალებით იყო მართული.

საქართველოს გზა ომის შემდგომ, სამართლებრივ ბრძოლაშიც რთული იყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიების დაბრუნებისთვის არაფერი გაუკეთებია, დაზიანებული პროცესის გამოსწორება კი საერთაშორისო ასპარეზზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო

საგამოძიებო კომისიამდე იყო ქართული და ევროპული მართლმსაჯულება. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მუდმივად ირღვეოდა. ქუჩაში დახოცილი ადამიანები, გამოუძიებელი საქმეები, ციხეში ჩაცხრილულები და დაღუპულები - ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წამება სისტემური და სისტემატური იყო.

ხელისუფლებაში, რევოლუციით მოსულ პარტიას კონსტიტუციური წყობილების საფრთხედ აფასებს კონსტიტუციის ავტორი. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს, სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

მესამე პრეზიდენტის პარტიის ბედი პირველი პრეზიდენტის მამის სახელობის ქუჩაზე გადაწყდება. თბილისის შემდეგ, პროცესები ბათუმში გადაინაცვლებს - ეს მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს, "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით, შესაბამისი სარჩელით მიმართავს.

ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, კარგად ნაცნობია ევროპული პრაქტიკისთვის და არამხოლოდ: გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი - ქვეყნებმა არაერთი ოპოზიცური პარტია აკრძალეს, ზოგ შემთხვევაში კი პროცესი ისევ მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, პარტიის გაუქმების საკითხი არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

დღის ამბები