არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება "ლელომ" ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა პარტიის ლიდერები - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში იყვნენ. გადაწყვეტილება პარტიამ არც მაშინ შეცვალა, როცა მათ ლიდერებს პრეზიდენტმა ციხის კარი გაუხსნა. ერთ დროს კოლეგების მხრიდან ბულინგის, ზეწოლის და შეურაცხყოფის მიუხედავად, კოალიცია "ძლიერი საქართველო" საარჩევნო მარათონს არ ეთიშება. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფების კრიტიკა მათთვის არაფერს ნიშნავს.
თამარ ჩერგოლეიშვილი ერთადერთი არ არის, ვისი კრიტიკის ადრესატიც ბოლო ორი დღეა, პარტია "ლელოა". ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ღიად უპირისპირდებიან ბოიკოტში მყოფი სხვა პოლიტიკური მოძრაობებიც. მოღალატეების შემდეგ, სააკაშვილის გუნდისთვის "ლელო" სისტემურ ოპოზიციად იქცა, რომელსაც პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.
ორად გაყოფილ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების მიღმა, მმართველი გუნდი პოლიტიკური რებრენდინგის მცდელობას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მთავარი მიზანი რადიკალური პროცესების გააქტიურებით პოლიტიკური რეალობის შეცვლაა.
პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მარცხი დღეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მოქმედმა მერმა უწინასწარმეტყველეს. ირაკლი კობახიძის თქმით, 28 დღეში "ქართული ოცნება" 64 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს, ამის თქმის საფუძველს კი მთავრობის მეთაურს გაზრდილი რეიტინგი აძლევს.
ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და "ლელოს" ლიდერები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განმარტებით, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე