16 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
პრეზიდენტის შეწყალებული "ლელოს" ლიდერები ისევ კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკის ობიექტები გახდნენ - ციხის დატოვების შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძე პარტიის ოფისში გაემართნენ

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ხაზარაძე-ჯაფარიძე პრეზიდენტმა შეიწყალა. გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, ამაზე მედიასთან თავად ისაუბრეს. ინფორმაცია, რომ საპატიმროს ტოვებდნენ, დაგეგმილი გასეირნების დასრულების შემდეგ შეიტყვეს.

მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი დილის 10:00 საათზე გამოსცა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ არჩევნები ინდულგენცია არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის შეწყალებულებმა მწვავე კრიტიკა მიიღეს კოლეგა პარტიებისგან და პირდაპირი მოწოდება - უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე, გამონაკლისი მხოლოდ "ლელოს" საარჩევნო პარტნიორი გიორგი გახარია და მისი გუნდი აღმოჩნდა. გერმანიიდან გავრცელებულ განცხადებაში გახარიამ აქცენტი განსხვავებული პოზიციის გამო, ოპოზიციის ოპოზიციასთან ბრძოლაზე გააკეთა. ნიკა გვარამიამ კი, რომელიც იმავე ციხეში, იმავე მუხლით იხდის სასჯელს, დაწერა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ოპოზიციურ წიაღში დაბრუნების შანსი მხოლოდ არჩევნების ბოიკოტით აქვთ.

საგანგებოდ გაკეთდა განცხადებები დილიდან სხვა პარტიებშიც. "ლელოს" კრიტიკაში კოლეგებს არც თამარ ჩერგოლეიშვილი ჩამორჩა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი წუხილი კვლავ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქვა.

"ლელო" პოზიციას არ შეიცვლის - ეს ციხიდან გამოსულმა ხაზარაძემ მედიას გარკვევით უთხრა.

ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებას ტაქტიკურ განხეთქილებას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი, სადაც მიაჩნიათ, რომ "ლელოს" ლიდერების შეწყალებით, პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოავლინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებამ მკაფიოდ აჩვენა განსხვავება "ქართული ოცნების" ხელისუფლების და თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის მიდგომებს შორის.

რუსთავის საპატიმროს დატოვების შემდეგ, "ლელოს" ლიდერები პირდაპირ პარტიის ოფისისკენ გაემართნენ, ჩაატარეს პოლიტსაბჭოს სხდომაც, განიხილეს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე, კოლეგების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ.

დღის ამბები