"4 წელი გახლდით დედაქალაქის საკრებულოს წევრი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის 5 თუ 6 პარტია, რომელიც შემოსული იყო საკრებულოში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფაქტობრივად, არც მინახავს," - ამის შესახებ ისნის რაიონის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ "დღის სტუმარში" ისაუბრა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდის მიზანია, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს ქვეყნის მასშტაბით, რათა დაამთავრონ დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.
"საარჩევნო კამპანია სულ ახალი დაწყებულია. გუშინ დასრულდა მაჟორიტარობის კანდიდატების რეგისტრაცია. როგორც ვიცი, ჩემს ოლქშიც არის 8 თუ 9 კანდიდატი. ასე რომ, ველოდებით - ალბათ დღეიდან ან ხვალიდან დაიწყებენ კამპანიის წარმოებას, მაგრამ ეს საერთოდ არ გახლავთ პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის ინტერესი. კონფიგურაციას რაც შეეხება - აქაც გულწრფელად გეტყვით, რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია ვიფიქროთ ამაზე, ჩვენთვის მთავარია, მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება, უმრავლესობა და გავაგრძელოთ დედაქალაქის აღმშენებლობა; ყველა ის პროექტი, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს ან დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანოთ.
მე 4 წელი გახლდით დედაქალაქის საკრებულოს წევრი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის 5 თუ 6 პარტია, რომელიც შემოსული იყო საკრებულოში, მე საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფაქტობრივად, არც მინახავს. თუ მოსულან, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ზიზღის ენით გაეგრძელებინათ საუბარი იქ, სადაც უნდა ილაპარაკო დედაქალაქის უკეთეს მომავალზე, გაგვიწიონ ოპონირება, რომ ან ახლა ეს პროექტი არაა დროული, ან პირიქით - ვარგა ეს პროექტი, მაგრამ თქვენ არასწორად ახორციელებთ. მე მათგან რაციონალობის, დედაქალაქის ერთ მოსახლეზე მაინც ზრუნვის არცერთი მარცვალი არ მომისმენია. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ ყველა საკრებულოში დამაჯერებელ გამარჯვებას იმისთვის, რომ მოვიპოვოთ უმრავლესობა და გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და რასაც ელოდება ხალხი," - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.