08 ივნისი 2026,   21:39
ვრცლად
"თანხის სანაცვლოდ, სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს" - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო "ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრი"-ს დირექტორის პოზიციაზე.

დაკავებული, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.

ბრალდებული დაკავებულ იქნა რეცეპტის გასაღების ფაქტზე", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები